საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ -დაზარალებულის უფლებები.

მუხლი 1. საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

preview56-ე მუხლის:
ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პროკურორს საკუთარი ინიციატივით ან პირის მიერ დაზარალებულად ცნობის შესახებ განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოაქვს დადგენილება პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ. თუ შეტანიდან 48 საათის განმავლობაში, განცხადება დაზარალებულად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, პირს უფლება აქვს დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.“
ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას, გააუქმოს ეს დადგენილება. დაზარალებულს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს პროკურორის გადაწყვეტილება დაზარალებულად ცნობის დადგენილების გაუქმების შესახებ.“.
გ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:
„7. მოსამართლე უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული საკითხები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. მიღებული განჩინება არ საჩივრდება.“.

2. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „დაზარალებულს უფლება აქვს:
ა) იცოდეს ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების არსი;
ბ) იყოს ინფორმირებული სისხლის სამართლის საქმის წარმოების შესახებ ამ კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად;
გ) სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას და სასჯელის შეფარდების შესახებ სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა ან წერილობით წარუდგინოს სასამართლოს აღნიშნული ინფორმაცია ;
დ) საქმის არსებითი განხილვის დროს ან საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას მოითხოვოს ბრალდებულისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრება;
ე) უფასოდ მიიღოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების), განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი;
ვ) მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;
ზ) დაიბრუნოს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს საქმის საჭიროებისათვის დროებით ჩამორთმეული, მისი კუთვნილი ქონება;
თ) მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას;
ი) გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მიიღოს მათი ასლები სრულად ან ნაწილობრივ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს;
კ) მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღოს ინფორმაცია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების და მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების შესახებ, თუ ამით ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ ემუქრება რეალური საფრთხე;
ლ) მიმართოს ბრალდების მხარეს სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ შუამდგომლობის დაყენების მოთხოვნით 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით;
მ) მიიღოს განმარტება თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ;
ნ) ისარგებლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.“.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში, პროკურორი/გამომძიებელი ვალდებულია, უარის თქმის საფუძვლის აღმოფხვრისთანავე აცნობოს დაზარალებულს ამის შესახებ და გადასცეს მას სისხლის სამართლის საქმის მასალების მოთხოვნილი ასლები.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პროკურორი ადგენს ოქმს, ხოლო ამ მუხლში მითითებულ მოთხოვნებზე უარის თქმის შემთხვევაში, გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება.

3. 58-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროკურორმა დაზარალებულს მოთხოვნის შემთხვევაში წინასწარ უნდა შეატყობინოს შემდეგი საპროცესო მოქმედებების ჩატარების ადგილი და დრო:
ა) ბრალდებულის პირველი წარდგენა მაგისტრატ მოსამართლესთან;
ბ) წინასასამართლო სხდომა;
გ) სასამართლოს მთავარი სხდომა;
დ) სასამართლოს მიერ საქმის არსებითიგანხილვისგარეშეგანაჩენისგამოტანისთაობაზეპროკურორისშუამდგომლობისგანხილვის სხდომა;
ე) სასამართლო სხდომა სასჯელის შეფარდების შესახებ;
ვ) სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო სხდომა.“.
ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. პროკურორი ვალდებულია, განუმარტოს დაზარალებულს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლება და მათ განხორცილებასთან დაკავშირებული პროცედურები. აღნიშნულის თაობაზე პროკურორი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელს აწერენ დაზარალებული და პროკურორი. დაზარალებულს უფლება აქვს, შენიშვნა გააკეთოს ოქმზე.

4. 58-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 581 მუხლი:
„მუხლი 581. ბრალდებულის მიერ დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრება
1. მოსამართლე უფლებამოსილია, დაზარალებულის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, განაჩენით დააკისროს ბრალდებულს დაზარალებულის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით. ამშემთხვევაში მოსამართლე ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ბრალეულობის ხარისხს და ბრალდებულის ქონებრივ მდგომარეობას.
2. ბრალდებულისთვის კომპენსაციის დაკისრების მიზანი არ არის დაზარალებულისთვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება. კომპენსაციის მიღება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამ შემთხვევაში, ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობას გამოაკლდება ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის სახით გადახდილი თანხის ოდენობა.“.

5. 101-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 ნაწილი:
„22. პირს, რომელიც განაცხადებს დანაშაულის შესახებ, უფლება აქვს, მიიღოს დანაშაულის შესახებ შეტყობინების დამადასტურებელი წერილობითი ცნობა.“.
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ზეპირი შეტყობინების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განმცხადებელი და განცხადების მიმღები თანამდებობის პირი. გამომძიებელი უფლებამოსილია ანონიმური შეტყობინების საფუძველზე დაიწყოს გამოძიება. დაუშვებელია პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე.“.

6. 106-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი დადგენილებით. დაზარალებულს უფლება აქვს, გაასაჩივროს ეს დადგენილება, გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ პროკურორთან, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში – სასამართლოში. მოსამართლე უფლებამოსილია, საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. მიღებული განჩინება არ საჩივრდება.“.

7. 108-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება ან სასამართლომ გააუქმა დადგენილება ან განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა განახლდეს. ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე საპროკურორო საქმიანობის განხორციელების ვალდებულება უნდა დაეკისროს სხვა პროკურორს.“.

8. 118-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოაყლიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოწმე უნდა დაიკითხოს იმ მოწმეთაგან განცალკევებით, რომლებიც ჯერ არ დაკითხულან. ამასთანავე, სასამართლო იღებს ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს დაკითხვის დამთავრებამდე ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ. დაკითხვის დასრულების შემდეგ, მოსამართლემ უნდა განუმარტოს მოწმეს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება.“.

9. 168-ე მუხლი ჩამოაყლიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 168. დისკრეციული დევნა
1. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებxaრივი დევნის დაწყებაზე პროკურორის უარი პროკურორის მიერ ფორმდება შესაბამისი დადგენილებით. დაზარალებულს უფლება აქვს, გაასაჩივროს ეს დადგენილება, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე პროკურორის უარის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ პროკურორთან, ხოლო, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში – სასამართლოში. მოსამართლე უფლებამოსილია, საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. მიღებული განჩინება არ საჩივრდება.
2. თუ ზემდგომმა პროკურორმა ან სასამართლომ გააუქმა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის შესახებ პროკურორის დადგენილება და არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. ამ შემთხვევაში, საქართველოს მთავარი პროკურორი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების და სხვა საპროკურორო საქმიანობის განხორცილების ვალდებულებას აკისრებს სხვა პროკურორს.
3. ამ მუხლში მითითებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება დაზარალებულს.“.

10. 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:
„41. სხდომის ნაწილობრივი ან სრული დახურვის შესახებ განჩინების მიღების მიუხედავად, მოსამართლე უფლებამოსილია, ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილ პირს მისცეს სხდომაზე ან სხდომის ნაწილზე დასწრების უფლება.“.

11. 260-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) უნდა დაეკისროს თუ არა ბრალდებულს დაზარალებულის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება და რა ოდენობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი
საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (შემდგომში: „სსსკ“) დაზარალებულის ინტერესების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი უფლებებისა და მექანიზმების არარსებობა. საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, დაზარალებულის, როგორც პროცესის მონაწილის როლი არსებითად შეიცვალა და მნიშვნელოვნად შემცირდა მისი ინტერესების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები. შედეგად, სისხლის სამართალწარმოების გზით რაიმე სახით რეაბილიტაციის ან სამართლიანობის აღდგენის მიღწევა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია დაზარალებულის ინსტიტუტის გაძლიერება, და დაზარალებულის ინტერესების მაქსიმალური დაცვა შეჯიბრებითობის და სსსკ-ის სხვა პრინციპების გათვალისწინებით. იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ სსსკ-ის თანახმად, დაზარალებული არ წარმოადგენს სისხლის სამართალწარმოების მხარეს, მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულს ჰქონდეს მთელი რიგი უფლებები, რაც აღიარებულია საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით და რაც არ ეწინააღმდეგება შეჯიბრებით პროცესს.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის როლის გაზრდაში მისთვის ისეთი მნიშვნელოვანი უფლებების მინიჭების გზით, როგორიცაა: სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა და ასლების მიღება;[1] დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა; გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან დევნის დაწყებაზე პროკურორის უარის, დაზარალებულად ცნობაზე უარის, ასევე დაზარალებულად ცნობის დადგენილების გაუქმების შესახებ პროკურორის დადგენილების გასაჩივრება; ბრალდებულისთვის კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნა; ინფორმაციის მიღება გამოძიების დაწყების, ასევე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების და მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან განთავისუფლების შესახებ, მოთხოვნის შემთხვევაში; დანაშაულის შეტყობინების შესახებ წერილობითი ცნობის მიღება; ბრალდების მხარისთვის სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ განცხადებით მიმართვა. დაზარალებულის უფლებების მაქსიმალური დაცვის მიზნით კანონპროექტი ითვალისწინებს ისეთ გარანტიას, როგორიცაა, დაზარალებულის უფლებების და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურების განმარტების შესახებ ოქმის პროკურორის მიერ შედგენის ვალებულება. ცვლილებების შედეგად შესაძლებელი იქნება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შემთხვევაში დაზარალებულის პროცესზე დასწრება.

კანონპროექტით იცვლება დაზარალებულის უფლებებთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:

– დაზარალებულად ცნობის შესახებ განცხადებით მიმართვის უფლება
ცვლილებების თანახმად, დაზარალებულს უფლება ექნება მიმართოს პროკურორს დაზარალებულად ცნობის შესახებ განცხადებით. დაზარალებულს ექნება უფლება, დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, თუ პროკურორი არ გამოიტანს დადგენილებას დაზარალებულად ცნობის შესახებ განცხადების შეტანიდან 48 საათში.

– დაზარალებულად ცნობაზე უარის, ასევე დაზარალებულად ცნობის დადგენილების გაუქმების შესახებ პროკურორის დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება
სსსკ-ის მოქმედი რედაქციის თანახმად, პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ პროკურორს გამოაქვს დადგენილება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროკურორი აუქმებს ამ დადგენილებას.[2] მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პროკურორის დადგენილების გასაჩივრების უფლებას ამგვარ შემთხვევებში.

ცვლილებების თანახმად, დაზრალებულს ექნება დაზარალებულად ცნობაზე უარის, ასევე დაზარალებულად ცნობის დადგენილების გაუქმების შესახებ პროკურორის დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება. ამ დადგენილებების გასაჩივრების უფლება აუცილებელია იმ უფლებებების პრაქტიკული განხორციელების უზრუნველსაყოფად, რომლებიც ენიჭება დაზარალებულს ცვლილებების შედეგად. ამ შემთხვევებში სასამართლის მიერ მიღებული განჩინება იქნება საბოლოო.

– პროკურორის დადგენილებების სასამართლოში გასაჩივრების უფლება
წინამდებარე კანონპროექტი დაზარალებულს ანიჭებს პროკურორის დადგენილებების გასაჩივრების უფლებას შემდეგ შემთხვევებში: 1) მოქმედი კანონმდებლობით გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება სასამართლოში არ საჩივრდება და იგი შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან.[3] ცვლილებების თანახმად კი იზრდება გასაჩივრების უფლება – ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრების უფლება რჩება დაზარალებულს და დამატებით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, მას ექნება უფლება ზემოაღნიშნული დადგენილება გაასაჩივროს სამართლოში. 2) მოქმედი რედაქციით მსგავსი ვითარებაა სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყებასთან მიმართებაშიც. კერძოდ, სსსკ-ის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე პროკურორის უარის სასამართლოში გასაჩივრება არ არის შესაძლებელი და ის შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს მხოლოდ ზემდგომ პროკურორთან.[4] კანონპროექტის შედეგად (ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრების უფლებასთან ერთდ) დაზარალებულს ექნება უფლება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ზემოაღნიშნული დადგენილება გაასაჩივროს სამართლოში.

ამ ცვლილების შედეგად, შემცირდება სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვის რისკი. ამასთან, გაიზრდება პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაზე კონტროლი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შემთხვევაში.[5] აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ცვლილებების თანახმად, ზემოხსენებულ შემთხვევებში, თუ ზემდგომი პროკურორი ან სასამართლო გააუქმებს პროკურორის დადგენილებას და არ იქნება გასული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა, სისხლისსამართლებრივი დევნა განახლდება, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების/განახლების და სხვა საპროკურორო საქმიანობის განხორციელების ვალდებულება დაეკისრება სხვა პროკურორს.[6]

– ზიანის შესახებ ჩვენების მიცემის და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება
სსსკ-ის თანახმად, დაზარალებულს აქვს უფლება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სასჯელის შეფარდების შესახებ სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება ზიანის შესახებ, რომელიც მას მიადგა.[7] ცვლილებების თანახმად დაზარალებულს ზიანის შესახებ ჩვენების მიცემის უფლება ექნება საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვის დროსაც. მას ასევე ექნება უფლება, მოითხოვოს ბრალდებულისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრება არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით. კანონპროექტის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილი იქნება ბრალდებულს დააკისროს დაზარალებულის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის გადახდის მოვალეობა, რაც დაზარალებულს არ ართმევს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სამოქალაქო სარჩელის შეტანის უფლებას. კომპენსაციის დაკისრებისას მოსამართლე გაითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ბრალეულობის ხარისხს და ბრალდებულის ქონებრივ მდგომარეობას.

დაზარალებულის ეს უფლება შეესაბამება ევროპის კავშირის პარლამენტის და საბჭოს და 2012 წლის 25 ოქტომბრის 2012/29/EU დირექტივით (შემდგომში: „დირექტივა“) დაწესებულ მინიმლურ სტანდარტებს დანაშაულის შედეგად დაზარალებულთა უფლებების, დახმარების და დაცვის თვალსაზრისით.[8]

– საქმის მასალების გაცნობის უფლება
წინამდებარე კანონპროექტის თანახმად, დაზარალებულს ექნება უფლება გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, მიიღოს მათი ასლები სრულად ან ნაწილობრივ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს.[9] უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევაში, პროკურორი/გამომძიებელი ვალდებული იქნება, უარის თქმის საფუძვლის აღმოფხვრისთანავე, აცნობოს დაზარალებულს ამის შესახებ და გადასცეს მოთხოვნილი მასალების ასლები.

– სხდომის დახურვის შესახებ შუამდგომლობის დაყენების მოთხოვნის უფლება
ცვლილებების შედეგად, დაზარალებულს ექნება უფლება, მიმართოს ბრალდების მხარეს სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ შუამდგომლობის დაყენების მოთხოვნით, კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნით. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, პროკურორი ვალდებული იქნება, გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება ამის შესახებ.

– უფლებების განმარტების შესახებ პროკურორის მიერ ოქმის წარმოების ვალდებულება
კანონპროექტის თანახმად, პროკურორი ვალდებული იქნება, დაზარალებულისთვის მისი უფლებების და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურების განმარტების შემდეგ, შეადგინოს ოქმი, რომელსაც ხელს მოაწერენ პროკურორი და დაზარალებული. დაზარალებულს ექნება ოქმზე შენიშვნების გაკეთების უფლება.

– დახურულ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა
მოსამართლე უფლებამოსილი იქნება, სხდომის ნაწილობრივი ან სრული დახურვის შემთხვევაში, დაზარალებულს მისცეს სხდომაზე ან მის ნაწილზე დასწრების უფლება. მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეს მოქმედი რედაქცია არ აძლევს უფლებას, დაზარალებულს მისცეს დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება, თუნდაც სწორედ მისი ინტერესების დაცვა იყოს სხდომის ნაწილობრივი ან სრული დახურვის შესახებ განჩინების მიღების მიზეზი.

– დანაშაულის შეტყობინების შესახებ წერილობითი ცნობის მიღების უფლება
ცვლილებების თანახმად, პირს, ვინც განაცხადებს დანაშაულის შესახებ, უფლება ექნება, მიიღოს წერილობითი ცნობა, რომელშიც აღნიშნული იქნება დანაშაულის შესახებ შეტყობინების წარდგების ფაქტი, და მოკლე ინფორმაცია მომხდარი ფაქტის შესახებ. წერილობითი ცნობის მიღების უფლება მნიშვნელოვანია დაზარალებულის ინტერესების დასაცავად მანამ, სანამ მიენიჭება პროცესის მონაწილის სტატუსი, არა მხოლოდ სისხლის, არამედ ასევე სამოქალაქო სამართალწარმოებისას თავისი უფლებების კანონიერი დაცვის ხელშეწყობისთვის.

– პროცესზე დასწრების უფლების განმარტების ვალდებულება
ცვლილებების შედეგად, მოსამართლე ვალდებული იქნება, განუმარტოს მოწმეს დაკითხვის დასრულების შემდეგ პროცესზე დასწრების უფლება. იმ მიზნით, რომ დაკითხვის დასრულების შემდეგ პროცესზე დასწრების უფლების შესახებ ყველა მოწმე, მათ შორის, დაზარალებული იყოს ინფორმირებული, აუცილებელია ამ უფლების განმარტების ვალდებულებად რეგულირება საკანონმდებლო ცვლილების გზით.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
ფინანსურ შედეგებს არ იწვევს.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
ასეთი არ არსებობს.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი შემუშავებულია ევროკავშირის დირექტივის მხედველობაში მიღებით. კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
იუსტიციის სამინისტროს მიერ კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იმართებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფთან, რომელიც შექმნილია სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო უწყებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები. კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო აგრეთვე ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტმა, აგნიეშკა მილართმა, რომელიც ამასთანავე არის სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის წევრი. ამავე პროექტის ხელშეწყობით საქართველოში იმყოფებოდა და პროექტის შემუშავებაში წვლილი შეიტანა მსოფლიოში ცნობილმა ვიქტიმოლოგმა, პროფესორმა იან ვან დაიკმა.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტი განხილულ იქნა ევროკავშირის ექსპრტთან აგნიეშკა მილართთან.

ე) კანონპროექტის ავტორი

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც შედის ცვლილება:

მუხლი 56. პირის დაზარალებულად ცნობა

1. დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.

2. სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებული იურიდიული პირი მონაწილეობს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მეშვეობით, რომელსაც ენიჭება დაზარალებულის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.

3. იმ დანაშაულის საქმეში, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება მის რომელიმე ახლო ნათესავს. ერთი დონის ახლო ნათესავებს შორის დავის შემთხვევაში დაზარალებულის უფლებამონაცვლე განისაზღვრება წილისყრით.

4. დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შემთხვევაში დაზარალებულია სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეიძლება მისდგომოდა ზიანი.

5. პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ პროკურორს გამოაქვს დადგენილება.

6. თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას, გააუქმოს ეს დადგენილება.

მუხლი 57. დაზარალებულის უფლებები

დაზარალებულს უფლება აქვს:

ა) იცოდეს ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების არსი;

ბ) სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სასჯელის შეფარდების შესახებ სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება ზიანის შესახებ, რომელიც მას მიადგა;

გ) უფასოდ მიიღოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების), განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი;

დ) მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;

ე) დაიბრუნოს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს საქმის საჭიროებისათვის დროებით ჩამორთმეული, მისი კუთვნილი ქონება;

ვ) მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გ ამოყენება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას;

ზ) მიიღოს განმარტება თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ;

თ) ისარგებლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 – ვებგვერდი, 11.11.2011წ.

მუხლი 58. ინფორმაცია და განმარტება

1. პროკურორმა დაზარალებულს წინასწარ უნდა შეატყობინოს შემდეგი საპროცესო მოქმედებების ჩატარების ადგილი და დრო:

ა) ბრალდებულის პირველი წარდგენა მაგისტრატ მოსამართლესთან;

ბ) წინასასამართლო სხდომა;

გ) სასამართლოს მთავარი სხდომა;

დ) სასამართლო სხდომა სასჯელის შეფარდების შესახებ;

ე) სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო სხდომა.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ინფორმაცია დაზარალებულს წერილობით უნდა გადაეცეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი საშუალებით გადაცემა გონივრულია მოცემულ გარემოებებში და საკმარის დროს იძლევა შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

3. პროკურორი ვალდებულია შეატყობინოს დაზარალებულს საპროცესო შეთანხმების დადება.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 – სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

მუხლი 101. ინფორმაცია დანაშაულის შესახებ

1. გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში.

2. დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეიძლება იყოს წერილობითი, ზეპირი ან სხვაგვარად დაფიქსირებული.

3. ზეპირი ცნობის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განმცხადებელი და განცხადების მიმღები თანამდებობის პირი. გამომძიებელი უფლებამოსილია ანონიმური ცნობის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება. დაუშვებელია პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ ანონიმური ცნობის საფუძველზე.

4. 14 წელს მიღწეულ განმცხადებელს ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებენ ცრუ დასმენისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 – სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

მუხლი 106. გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება

1. გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი დადგენილებით. ეს დადგენილება სასამართლოში არ საჩივრდება. იგი დაზარალებულმა შეიძლება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება ბრალდებულს, მის ადვოკატს და დაზარალებულს.

3. თუ სისხლისსამართლებრივი დევნა წყდება ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პროკურორს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების შუამდგომლობით.

მუხლი 108. შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნის განახლება

1. თუ ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება ან სასამართლომ გააუქმა განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა განახლდეს.

2. სისხლისსამართლებრივი დევნის განახლების შესახებ წერილობით ეცნობება ბრალდებულს, მის ადვოკატს და დაზარალებულს.

მუხლი 118. მოწმის დაკითხვა საქმის არსებითი განხილვის დროს

1. ბრალდების მოწმის დაკითხვას იწყებს ბრალდების მხარე, აგრძელებს დაცვის მხარე და პირიქით.

2. მოწმე უნდა დაიკითხოს სხვა მოწმეთაგან განცალკევებით. ამასთანავე, სასამართლო იღებს ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს დაკითხვის დამთავრებამდე ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ.

3. არ დაიკითხება ის მოწმე , რომელიც იმ მომენტში ვერ წარდგება სასამართლოს წინაშე ამ კოდექსის 114- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების გამო . ასეთ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ქვეყნდება მისი წინასასამართლო ჩვენება . ეს ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს , თუ იგი არ დასტურდება პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით.

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 – სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418

მუხლი 168. დისკრეციული დევნა

დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე პროკურორის უარი სასამართლოში არ საჩივრდება. იგი შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან.

მუხლი 182. სასამართლო სხდომის საჯაროობა

1. სასამართლო სხდომა, როგორც წესი, ტარდება ზეპირად და საჯაროდ.

2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებს სასამართლო დახურულ სხდომაზე განიხილავს.

3. სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ:

ა) პერსონალური მონაცემების, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით;

ბ) არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით;

გ) პროცესის მონაწილის ან/და მისი ოჯახის წევრის (ახლო ნათესავის) პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ან თუ გამოიყენება პროცესის მონაწილის დაცვის ის სპეციალური ღონისძიება, რომელიც მოითხოვს სასამართლო სხდომის დახურვას;

დ) სქესობრივი დანაშაულის ან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლის ინტერესების დაცვის მიზნით;

ე) პირადი მიმოწერის და პირადი შეტყობინების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებისას, თუ ამაზე თანახმა არ არის პირი.

4. მოსამართლე უფლებამოსილია წესრიგის დაცვის მიზნით, საკუთარი ინიციატივით ნაწილობრივ ან სრულად დახუროს სასამართლო სხდომა.

5. თუ დახურულ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს ისეთი გარემოების საჯაროდ განხილვას, რომელიც საჯაროდ არ უნდა გაცხადდეს, და სხდომის დახურვის შუამდგომლობას მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება, ეს საკითხი დახურულ სხდომაზე განიხილება.

6. მოსამართლე ვალდებულია საჯაროდ გამოაცხადოს სასამართლო სხდომის დახურვის საფუძველი.

7. სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს დახურულ სხდომაზე დამსწრე პირი, არ გაახმაუროს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ამ სხდომაზე გახდა ცნობილი.

8. სასამართლო სხდომაზე 14 წლამდე პირი არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის პროცესის მონაწილეა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია 14 წლამდე პირს დართოს ნება, დაესწროს სასამართლო სხდომას.

9. შეიარაღებული პირი სასამართლო სხდომის დარბაზში დაიშვება მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.

10. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია არ დაუშვას სასამართლო სხდომაზე პირი, რომელიც შეუფერებელ ფორმაში ან მდგომარეობაში გამოცხადდა.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №63 28 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

მუხლი 260. განაჩენის დადგენისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები

1. განაჩენის დადგენისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს:

ა) ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;

ბ) არის თუ არა ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო;

გ) შეერაცხება თუ არა ბრალდებულს ბრალად ჩადენილი ქმედება;

დ) უნდა დაისაჯოს თუ არა ბრალდებული მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის;

ე) რა სასჯელი უნდა დაენიშნოს ბრალდებულს და რა ზომის;

ვ) უნდა მოიხადოს თუ არა ბრალდებულმა დანიშნული სასჯელი;

ზ) შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ღონისძიებების საკითხს;

თ) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი;

ი) ვის და რა ოდენობით უნდა დაეკისროს საპროცესო ხარჯების ანაზღაურება.

2. რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში პირის მსჯავრდებისას სასამართლო თითოეული დანაშაულის მიხედვით ცალ-ცალკე და მთლიანად წყვეტს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ საკითხებს.

3. დანაშაულის ჩადენაში რამდენიმე ბრალდებულის მსჯავრდებისას ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საკითხები უნდა გადაწყდეს ყოველი ბრალდებულის მიმართ ცალ-ცალკე.
წყარო: matsne.gov.ge

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s