რა შეზღუდვებს უწესებს მასწავლებლებს ეთიკის კოდექსი?

Image

.

ბატონო მინისტრო, პირველ რიგში, გვაინტერესებს, რატომ გახდა ამ კოდექსის შემოღება აუცილებელი?

ჩვენ შემოგვაქვს, როგორც მასწავლებელთა ეთიკის კოდექსი, ასევე, მოსწავლეებისა და დირექტორის კოდექსებიც. იქნება სამი კოდექსი, რომლის შემუშავება დამთავრდება პირველ ივლისამდე. სწორედ პირველ ივლისს, ჩემი ბრძანებით, ამოქმედდება მასწავლებლის ეთიკის კოდექსი, 15 ივლისს მოსწავლეების და შემდეგ უკვე დირექტორების. ასეთი კოდექსები მოქმედებს ყველა ევროპულ დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაციის მექანიზმი სკოლებში. ამ კოდექსების საფუძველზე იქმნება შიდა განაწესი. სამწუხაროა, რომ მსგავსი დოკუმენტი აქამდე არ იყო ამოქმედებული. ამის მცდელობა იყო, მაგრამ ამ საკითხის პოლიტიზების გამო ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ახლა ამას ბოლომდე მივიყვანთ. კოდექსზე, დაახლოებით, 48 ექსპერტი მუშაობდა, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება. ამ ჯგუფში შედიოდნენ როგორც ფსიქოლოგები, ასევე მასწავლებლები. ჩემი აზრით, კოდექსი ძალიან სრულყოფილია.

რა სანქციები გატარდება პედაგოგზე, რომელიც ამ კოდექსს დაარღვევს?

კოდექსის მთავარი მიზანიც ისაა, რომ ის არ ითვალისწინებს რაიმე სახის სადამსჯელო ღონისძიებას. ის არეგულირებს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობებს. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ გვაქვს შრომის კანონმდებლობა, რომელიც აბსოლუტურად განსაზღვრავს შრომით ურთიერთობებს და ეთიკის კოდექსის დამრღვევის მიმართ ამოქმედდება სწორედ შრომის კოდექსი. რაც შეეხება შინაარსს… მაგალითად, ეთიკის კოდექსში მითითებულია, რომ მასწავლებელს არა აქვს უფლება, ფიზიკური, სიტყვიერი ან ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს მოსწავლეზე. არ შეიძლება, რომ მასწავლებელმა სკოლაში აწარმოოს რელიგიური ან პოლიტიკური პროპაგანდა; არ შეიძლება, რომ მოსწავლის წინაშე ეწეოდეს სიგარეტს და ა.შ.

Image

რატომ მაინცდამაინც ახლა?

სკოლებში არსებული გარკვეული პრობლემების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, თუმცა მათი ნაწილი სააშკარაოზე გამოვიდა მას შემდეგ, რაც შემოვიღეთ მანდატურის ინსტიტუტი. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა სკოლებში ურთიერთობების რეგულაცია. პედაგოგთა უმრავლესობა ამ სიახლეს აბსოლუტურად ადეკვატურად შეხვდა. ქვეყანაში არის დაახლოებით 75 ათასი მასწავლებელი. შეუძლებელია, მათ შორის არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ შეესაბამებიან მასწავლებლის მაღალ სტანდარტს. მაგალითად, იყო ფაქტი, როდესაც მასწავლებელმა მოსწავლეს ჩანთა გადაუგდო მეოთხე სართულიდან, რასაც შეესწრო მანდატური. არსებობს ფაქტები, როდესაც მასწავლებელი თავის პირად საქმეზე აგზავნის მოსწავლეს, მაგალითად, სამგლოვიარო გვირგვინის შესაძენად. ეს არის ამაზრზენი. ამის გამო ჩრდილი არ უნდა მიადგეს ათი ათასობით პროფესიონალ და პატიოსან მასწავლებელებს.

 Image

დაწყებით კლასებში ხშირად ხდება ბავშვის კუთხეში დაყენება, ან ყურის აწევა… უკრძალავს თუ არამასწავლებელს ეთიკის კოდექსი მსგავს ქმედებებს?

Continue reading