საქართველოს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ.

იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ საქართველოს კანონი
ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ
აღიარებულ პრინციპებს, საქართველოს კანონმდებლობას, განსაზღვრავს დევნილთა
სამართლებრივ სტატუსს საქართველოში, ადგენს მათ სამართლებრივ, ეკონომიკურ
და სოციალურ გარანტიებს, უზრუნველყოფს მათი უფლებებისა და კანონიერი
ინტერესების დაცვასა და განხორციელებას.

მუხლი 1. დევნილი

1. დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად
მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა
დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო
(საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში) იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მას ან
მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის
აგრესიის, შიდა კომფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

2. დევნილის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც ცნობილია
დამნაშავედ და იხდის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით.

მუხლი 2. დევნილად ცნობის შესახებ განცხადებით მიმართვა

1. პირი, რომელიც ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო
დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილად ცნობის შესახებ განცხადებით
მიმართავს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმ
ადგილობრივ სამსახურს, სადაც დროებით ცხოვრობს ან აპირებს დასახლებას, ან
საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას აღრიცხვაზე ასაყვანად, თუ მას
მოუხდა საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა.

2. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადგილობრივი სამსახური
ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან ათ დღეში დაადგინოს დევნილად
ცნობის შესახებ განცხადების საფუძვლიანობა და აღძრას შუამდგომლობა
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინაშე პირისთვის დევნილის
სტატუსის მინიჭების თაობაზე.

3. მოსახდეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილების დროს პირის
დროებით დევნილად ცნობა, სათანადო წესით მისთვის დევნილის სტატუსის
მინიჭებამდე, ხდება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შესაბამისი
სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ.

მუხლი 3. იმ პირის უფლებანი და მოვალეობანი, რომელიც განცხადებით მიმართავს
დევნილად ცნობის თაობაზე

1. პირს, რომელიც ამ კანონის მეორე მუხლის თანახმად ითხოვს დევნილად ცნობას,
განცხადების რეგისტრაციისას ეძლევა მიმართვა დროებით საცხოვრებელ ადგილზე მიმაგრების შესახებ, ამასთან, მას შეუძლია შეარჩიოს დროებითი საცხოვრებელი
ადგილი საქართველოს ნებისმიერრეგიონში ნათესავთან ან ახლობელთან.

2. კომფლიქტის ზონიდან ახალგამოსული პირი, რომელმაც მიიღო ზემოაღნიშნული
მიმართვა, სარგებლობს დროებით საცხოვრებელ ადგილამდე სახელმწიფო
ტრანსპორტით ერთჯერადი უფასო მგზავრობისა და ბარგის უფასოდ გადატანის
უფლებით.

3. პირი, რომელიც ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო
დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილად ცნობამდე, აღმასრულებელი
ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ დადგენილი ნორმებისა და წესის
საფუძველზე, სარგებლობს შემდეგი შეღავათებით:

– იცხოვროს დროებით საცხოვრებელ ადგილზე და ისარგებლოს უფასო
კომუნალური მომსახურეობით;

– მიიღოს სურსათი დევნილთათვის დაწესებული ნორმის ფარგლებში;

– ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში უფასო მომსახურეობით;

– მიიღოს ერთჯერადი ფულადი და სხვა სახის სახელმწიფო დახმარება.

4. პირი, რომელმაც დახმარებით მიმართა დევნილად ცნობის თაობაზე,
ვალდებულია:

– შესაბამის ორგანოებს მიაწოდოს განცხადების განხილვისათვის საჭირო მონაცემები
დადგენილი წესის მიხედვით;

– ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების მოთხოვნისთანავე გაიაროს სამედიცინო
შემოწმება.

5. განცხადების რეგისტრაციაზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების
სამინისტროს ადგილობრივი სამსახურის უარი შეიძლება გასაჩივრდეს
სასამართლოში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან უარის შესახებ
შეტყობინების მიღებიდან ერთ თვეში.

მუხლი 4. დევნილად ცნობის წესი

1. დევნილად ცნობის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ლტოლვილთა და
განსახლების სამინისტრო განცხადების რეგისტრაციიდან ერთ თვეში.

2. დევნილად ცნობილ პირს ეძლევა მოწმობა, რომლის ფორმას ადგენს საქართველოს
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.

3. მონაცემები დევნილი პირის ოჯახის არასრულწლოვანი წევრების შესახებ
შეიტანება ერთ-ერთი მშობლის მოწმობაში.
4. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უარი დევნილის სტატუსის
მინიჭებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.

5. სასამართლო წესით საქმის განხილვამდე პირი, რომელმაც განცხადებით მიმართა
დევნილად ცნობის თაობაზე, სარგებლობს ამ კანონის მე-3 მუხლში
გათვალისწინებული უფლებებით და შესაბამისად აკისრია მოვალეობები.

მუხლი 5. დევნილის უფლებების უზრუნველყოფა დროებით საცხოვრებელ
ადგილზე

1. დვნილის სტატუსის მქონე პირისათვის ყოველთვიური ფულადი შემწეობის,
სურსათისა და სხვა სახის დახმარების ნორმას და გაცემის წესს ადგენენ
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები.

2. დროებით საცხოვრებელ ადგილზე დევნილის უფლებების განხორციელებას
უზრუნველყოფს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო
აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის
შესაბამის ორგანოებთან ერთად, რომლებიც:

– ეხმარებისნ დროებით დასაქმებაში, მისი პროფესიისა და კვალიფიკაციის
გათვალისწინებით;

– დევნილობის პერიოდში აძლევენ ერთდროულ და ყოველთვიურ შემწეობას
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ დადგენილი წესით;

– უწევენ უფასო სამედიცინო დახმარებას. სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში
მკურნალობის საფასურს, სახელმწიფო სტანდარტისა და ტარიფის ფარგლებში,
დადგენილი წესით ანაზღაურებს სახელმწიფო;

– ხეიბრებს, ხანდაზმულებს, ბავშვებსა და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს
უზრუნველყოფენ უფასო მედიკამენტებით;

– უზრუნველყოფენ დევნილის კონსტიტუციურ უფლებას განათლებაზე;

– წყვეტენ დევნილის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებს;

-ეხმარებიან დევნილს სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში;

– უზრუნველყოფენ დროებითი საცხოვრებლითა და სურსათით საქართველოში
დაწესებული ნორმის ფარგლებში;

– გამოუყოფენ მიწის ნაკვეთებს დროებითი სარგებლობის უფლებით;

– მონაწილეობენ რეგიონში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შედეგად
გარდაცვლილთა და დაღუპულთა სამარხებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა
მოძიების ღონისძიებებში;
– ამ კანონის პირველ მუხლში მითითებული მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ,
ეხმარებიან დევნილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებაში.

მუხლი 6. დევნილის სტატუსის შეჩერება, დაკარგვა და ჩამორთმევა

1. პირის დევნილის სტატუსი შეჩერდება:

– თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდისას;

– პირის ერთდროულად რამდენიმე რეგიონში დევნილად რეგისტრირებისას;

2. პირი კარგავს დევნილის სტატუსს:

– სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისას;

– მუდმივ საცხოვრებლად საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლისას;

– საქართველოს რომელიმე რეგიონში მუდმივად დასახლებისა და რეგისტრაციაში
გატარებისას, სადაც არ არსებობს ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი
მიზეზები;

– მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი
მიზეზების რეალურად არარსებობისას.

3. პირს ჩამოერთმევა დევნილის სტატუსი, თუ გამომჟღავნდება, რომ სტატუსი მიიღო
ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე.

4. დევნილის სტატუსის დაკარგვის, შეჩერების ან ჩამორთმევის საკითხს წყვეტს
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.

5. დევნილის სტატუსის დაკარგვაზე, შეჩერებასა ან ჩამორთმევაზე დავას განიხილავს
სასამართლო.

მუხლი 7. დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე რეაბილიტაციის სახელმწიფო
გარანტიები

თუ დევნილი, ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი
მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, დაბრუნდება საცხოვრებელ ადგილას:

ა) აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის
შესაბამისი ორგანოები, მათ შორის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო,
უზრუნველყოფენ მისთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების
განხორციელებას, იღებენ ზომებს, რათა დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე
შეიქმნას უსაფრთხო ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური
პირობები; დევნილს, მის კანონიერ მემკვიდრეს დაუბრუნდეს პირადი საკუთრება,
მათ შორის საცხოვრებელი სახლი და მასზე გაპიროვნებული საკარმიდამო ნაკვეთი
იმ მომენტისათვის არსებული სახით; მიყენებული ზარალის კომპენსირება, მისი
ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შემდეგ, განახორციელონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ხელისუფლების მიერ დადგენილი წესით,
აგრეთვე საცხოვრებლად უვარგისი ბინის აღდგენის შემთხვევაში მოქალაქეს მიეცეს
იქ დაბრუნების გარანტია.

ბ)საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს სესხის გაცემის წესს.

მუხლი 8. დევნილთათვის დახმარების ორგანიზება

1. დევნილთა მიღების, სტატუსის მინიჭების, დროებითი საცხოვრებლით
უზრუნველყოფის, დასაქმების და სხვა სოციალურ საკითხებს წყვეტს საქართველოს
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო შესაბამისი აღმასრულებელი
ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად.

2. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო კოორდინაციას უწევს საქართველოს
სხვა სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობას დევნილთა უფლებების
განხორციელების სფეროში.

მუხლი 9. დევნილის უფლებების გარანტია

1. დევნილის უფლებებს იცავს სახელმწიფო.

2. თანამდებობის პირთა არამართლზომიერი მოქმედება შეიძლება გასაჩივრდეს
ზემდგომ ინსტანციებში ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 10. დევნილთათვის დახმარების ფინანსური წყაროები

1. დევნილთათვის ამ კანონის შესაბამისად გაწეული ხარჯები ანაზღაურდება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. დამატებითი დაფინანსების წყაროა საბიუჯეტო სარეზერვო ფონდები, ფიზიკური
და იურიდიული პირების შეწირულობანი, უცხოეთის სახელმწიფოთა,
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეული ფინანსური დახმარება.

მუხლი 11. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

“იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის
დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.

 

Advertisements

One thought on “საქართველოს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s